ეს ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას, იმას, რომ მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ეს კანონი ასევე უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების დაცვას.
„[კანონპროექტის მიზანია] აღვკვეთოთ უცხო ქვეყნის სხვადასხვა აქტორის ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკაში და მეორე, ეს არის ჩვენი ემიგრანტების დაცვა საზღვარგარეთ, რომელთაც დავრწმუნდით, ბოლო წლების განმავლობაში თუ როგორ აშანტაჟებენ. ეს ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას, იმას, რომ მოქალაქეებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, – აღნიშნავს სეფაშვილი.
პარლამენტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას განაგრძობს. ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომებზე განიხილება.
