პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული ფონდებიდან საქართველოში მოქმედი იმ ონლაინ მედიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა პროექტთან, მათ შორის, არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ.
მისი განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც კი დაასახელა ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს აფინანსებდნენ.
„რატომ გიკვირთ? პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ საქმეებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან შემოდის თანხა, რომელიც მიდის ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდება ექსტრემიზმის გაძლიერებას, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ამას ხომ არ ვიტყუებოდით? ხომ კონკრეტული ფაქტები ვაჩვენეთ საზოგადოებას? აშშ-ს პრეზიდენტიც გამოვიდა და დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდნენ. ხომ ყველაფერი ცხადი და ნათელია? ამიტომ არის გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება Eagle Hills-ის ინვესტიციას, თბილისის მერი განმარტავს, რომ აღნიშნული პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია.
„აღნიშნული ინვესტიციის წინააღმდეგ რატომ მიდის ბრძოლა? საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირდაპირ ინვესტიციას, თუნდაც ქართული სამშენებლო კომპანიების გაძლიერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და ა.შ. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება საჯაროა. კომერციული საიდუმლოება არის კონკრეტულად კომპანიის მოგებასთან დაკავშირებული ციფრები, რასაც აქვს თავისი ახსნა. ეს კომპანია მარტო საქართველოში კი არ არის შემოსული? იგი სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. ალბათ სხვა ქვეყნებშიც განაგრძობს ინვესტიციებს და რატომ უნდა იყოს საჯარო რომელიღაცა სხვა ქვეყნისთვის ის ინფორმაცია, თუ რა პირობებით არის ეს კომპანია საქართველოში შემოსული? ის ჩვეულებრივი კომპანიაა, თავისი ბიზნესინტერესები აქვს და ყოველთვის ეცდება, რომ თავისი ინტერესები დაიცვას, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება მედია ორგანიზაცია „მთის ამბების“ მთავარ საერთაშორისო დონორებთან – „დოიჩე ველესთან“ და გერმანიის საელჩოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს – დაფინანსების წყარო არის ერთი.
„სახელები არაფერს ნიშნავს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს, მაგრამ წყარო არის ერთი, გარედან. ვიცით, ვინ არიან არაფორმალური მმართველები, არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მტერია. სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, რომ ეს თანხები შემოიტანონ ფარულად და შემდეგ მიმართონ თუნდაც საპატრიარქოს, სარწმუნოების წინააღმდეგ. არ გახსოვთ კონკრეტული კამპანიები ამ ყველაფრის? ეს ყველაფერი გარედან იყო თავსმოხვეული და გარედან შემოსული თანხებით ხდებოდა აღნიშნული პერფორმანსების დაფინანსება. რომ ჩაეძიოთ და ნახოთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები თუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, იკვეთება ინტერესი, რომ ქვეყანაში არ იყოს სტაბილური სიტუაცია და სხვადასხვა ტრაგედია გამოყენებული იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.
