„საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა – ზუსტად ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, პარალმენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიასაშუალება 17,5 მლნ ლარით დააფინანსეს და ეს ფინანსები რეალობის მაქსიმალურად დასამახინჯებლად გაიცა.
„მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ მედიაში გავრცელებულ საკმაოდ სკანდალურ სქემას, სადაც პარადოქსებით სავსე რეალობა ვნახეთ.
მოკლედ, როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა და ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან, რადგან აბსოლუტურად განულებულია მათი რეიტინგი, ამიტომ, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ავანსცენიდან ასე, რიგ-რიგობით ჩამოხსნილი აგენტოკრატები, ახალი, კარგად ორგანიზებული მედია-სინდიკატით ჩაანაცვლონ.
დიახ, ორი დღის წინ ვნახეთ უცხო ქვეყნის, პირდაპირ, პოლიტიკური ინტერვენცია მედია-სინდიკატის მეშვეობით. ბატონებო, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოში. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიასაშუალება დააფინანსეს 17,5 მლნ ლარით. და ნუ დავიწყებთ იმ აბსურდის გამეორებას, რომ თითქოს ეს მოხდა თავისუფალი მედიასტანდარტისა და გამჭვირვალობისთვის. დიახ, ეს ფინანსები იმისათვის გაიცა, რომ მაქსიმალურად დამახინჯდეს რეალობა, გამწვავდეს რადიკალიზაცია და აიწიოს ტემპერატურამ, ხოლო მედია იყოს არა თავისუფალი ინსტიტუტი, არამედ, გრძელვადიანი ზეწოლის ტექნოლოგიისთვის გამოყენებული პოლიტიკური იარაღი, რათა გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ აზრზე. იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი პროტესტი, მისი მუდმივი შენარჩუნება და სახელმწიფოს დელეგიტიმაციის მცდელობა მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტიღაა.
წარმოვიდგინოთ, როცა მცირე ჯგუფი იღებს კოლოსალურ ფინანსურ რესურსს და ამ რესურსს მიმართავს არა ჟურნალისტიკაში, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მგონი, ვთანხმდებით, რომ ეს არ არის მედია – ეს არის, ზუსტად, ჩრდილოვანი მართვის სინდიკატი.
ბატონებო, საქართველო დღეს უძლებს, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო წნეხს. სხვათა შორის, ევროპის არაერთმა დიდმა ქვეყანამ ვერ გაუძლო ასეთ წნეხს – ზოგან უმცირესობა მოახვიეს უმრავლესობას თავს, სხვადასხვა მანიპულაციით და ზოგან, ადგილობრივი სასამართლოთი, პირდაპირ, არჩევნები გააუქმეს.
ჩვენ არ ვზღუდავთ მედიას – დიახ, თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ, ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდო ღირებულებები, თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი – დიახ, საინფორმაციო ტერორიზმი, ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა. ზუსტად ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.
და ბოლოს, ალბათ, ახალი პოლიტიკური გზამკვლევი უნდა შევქმნათ ზოგიერთი საელჩოსათვის, ფონდისა თუ საერთაშორისო აქტორისთვის, განმარტებითი ბარათის მსგავსი, რომ საქართველოზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება მოსკოვსა თუ სხვადასხვა ჩრდილოვან დერეფანში“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.
