პაკისტანმა ავღანეთის ხოსტის პროვინციაზე საჰაერო იერიშები მიიტანა. თალიბანის სპიკერის თქმით, თავდასხმას 9 ბავშვისა და ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისივე თქმით, პაკისტანმა ჩაატარა რეიდები კუნარისა და პაკთიკის პროვინციებში, რის შედეგადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ამას გარდა, თალიბანის სპიკერმა, ზაბიდულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ პაკისტანის მოქმედებებს “შესაფერის დროს საჭირო პასუხს გასცემენ”.
“ჩვენი საჰაერო სივრცის, ტერიტორიისა და ხალხის დაცვა ლეგიტიმური უფლებაა. შესაფერის დროს საჭირო პასუხს გავცემთ.” – თქვა თალიბანის პრესსპიკერმა.
იერიშებს წინ უძღოდა პაკისტანში მომხდარი თავდასხმების სერია, რომლებშიც ისლამადი ავღანეთში განლაგებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. თალიბანი უარყოფს, რომ ეს დაჯგუფებები ავღანეთის ტერიტორიას იყენებენ.
აქამდე, პაკისტანსა და ავღანეთს შორის გასულ თვეში დაწყებული სასაზღვრო შეტაკებები, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა, 19 ოქტომბერს დოჰაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა, თუმცა მხარეები ხანგრძლივ სამშვიდობო ზავზე ვერ შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც თალიბანმა არ აიღო წერილობითი ვალდებულება, რომ ისლამაბადთან დაპირისპირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ იმოქმედებდნენ. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემენ.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც თურქეთთან ერთად მოლაპარაკებებს შუამავლობდა, განაცხადა, რომ შემდგომი შეხვედრები ცეცხლის შეწყვეტის მდგრადობისა უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
აქამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში თვითმკვლელმა ტერორისტმა ისლამაბადში თავი აიფეთქა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა. ეს ბოლო ათწლეულში პაკისტანის დედაქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მოწყობილი პირველი ტერაქტი იყო. ამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ავღანური თალიბანის თანამოაზრე პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთმა ფრაქციამ აიღო. ერთი დღით ადრე კი კიდევ ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სამხრეთ ვაზირისტანის სამხედრო სასწავლებლის შესასვლელს ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით დაეჯახა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს.
