რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს. ამის შესახებ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები ამჟამად მძიმე მდგომარეობაში არიან. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კოლექტიურ დასავლეთში არის სხვადასხვა მოსაზრების ჭიდილი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება და რა უნდა გაკეთდეს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად.
როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, დასავლეთში ერთი ნაწილი ითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუნდაც უკრაინის მხრიდან დათმობების პირობებით, ხოლო მეორე – ბრძოლის გაგრძელებას ბოლო უკრაინელამდე, რისთვისაც, პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის.
„დასავლეთში ვისაც ესმის, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან, ითხოვენ საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტას იმ შემთხვევაშიც, თუ ეს კიევის რეჟიმისგან რამე დათმობებს მოითხოვს. ესმით, რომ ცალკეულ მონაკვეთებზე ფრონტის ჩამოშლა როდესაც დაიწყება, უკრაინის შეიარაღებული ძალები საერთოდ დაკარგავენ ბრძოლისუნარიანობას, დაკარგავენ მთელ თავიანთ ბრძოლისუნარიან შენაერთებს, როგორც ახლა ეს კრასნოარმეისკის (პოკროვსკის) რაიონში ხდება. ისინი ეუბნებიან – გეყოფათ, შეინარჩუნეთ შეიარაღებული ძალების ხერხემალი და საკუთარი სახელმწიფოებრიობა. აი, ამაზე უნდა იფიქროთ, – ამბობენ ამ მოსაზრების მომხრეები. ხოლო სხვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კუპიანსკი უკვე დაბრუნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, ითხოვენ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას ბოლო უკრაინელამდე. ამაშია მიდგომების განსხვავება. ისინი, ვინც უიტკოფს თავს ესხმიან, არიან სხვა შეხედულების ავტორები, რომლებსაც სურთ უკრაინულ ისტებლიშმენტთან ერთად ფულის მოპარვა და საბრძოლო მოქმედებების ბოლო უკრაინელამდე გაგრძელება. საჯარო გამოსვლაში უკვე ვთქვი: პრინციპში, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
