აშშ-ის ეროვნული გვარდიის წევრი, რომელიც ვაშინგტონში ოთხშაბათს დაჭრეს, გარდაიცვალა. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა. მისი თქმით, ექიმებმა 20 წლის სარა ბექსტრომის გადარჩენა ვერ მოახერხეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი დაჭრილი გვარდიელი, 24 წლის ენდრიუ ვოლფი კი „სიცოცხლისთვის იბრძვის“.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი ესაუბრა ბექსტრომის ოჯახს და მომხდარის გამო მიუსამძიმრა.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი მოსამსახურე თეთრ სახლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ვაშინგტონის პოლიციის სამმართველოს ინფორმაციით, სროლა მოხდა მე-17 და 1-ლი ქუჩების კვეთაზე, რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის 2 მოსამსახურე დაიჭრა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 29 წლის ავღანელი იმიგრანტია და როგორც ტრამპმა განაცხადა, ის მძიმედ არის დაჭრილი. მისი მოტივები უცნობია.
