შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო, დამატებით პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა, – განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფლორიდაში უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
„კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ არა მხოლოდ ომის დასრულება გვინდა, არამედ ასევე გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას, სამუდამოდ უსაფრთხოდ იყოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვინდა, რომ ისინი ნამდვილი კეთილდღეობის ეპოქაში შევიდნენ. საქმე ასევე ეხება იმ პირობებს, რომლებიც უკრაინას გრძელვადიან კეთილდღეობას მოუტანს. ვფიქრობ, ამისთვის საფუძვლის ჩაყრა დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჟენევაში. ვფიქრობ, დღესაც ამაზე ვიმუშავეთ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა. ეს დელიკატური საკითხია. ეს რთულია. ბევრი მოძრავი ნაწილია და, ცხადია, აქ კიდევ ერთი მხარეა ჩართული, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს და ეს გაგრძელდება ამ კვირის ბოლოს, როდესაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, ჩვენ ასევე გვქონდა სხვადასხვა სახის კონტაქტი რუსულ მხარესთან“, – აღნიშნა რუბიომ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმაც, რომლის თქმითაც, მიღწეულია არსებითი პროგრესი ღირსეული მშვიდობის ხელშეწყობასა და ამერიკულ მხარესთან პოზიციების დაახლოებაში.
