მნიშვნელოვანია, რომ საუბარი კონსტრუქციული იყო, ყველა საკითხი ღიად განიხილებოდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს, ამერიკაში გუნდების მუშაობის დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა დიალოგის ძირითადი პარამეტრების, აქცენტებისა და ზოგიერთი შედეგის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. მნიშვნელოვანია, რომ საუბარი კონსტრუქციული იყო, ყველა საკითხი ღიად განიხილებოდა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. მადლიერი ვარ ამერიკის, პრეზიდენტ ტრამპის გუნდისა და პირადად პრეზიდენტის, რომ ამ დროისთვის ასე ინტენსიურად არიან ჩართული ომის დასრულების ნაბიჯების განსაზღვრაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. ველოდებით ჩვენი გუნდის სრულ ანგარიშს“, – წერს ზელენსკი.
