ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროაქტივი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვას. სამართალდამცავები ასევე იმყოფებოდნენ ბრიუგეში, „ევროპის კოლეჯში“. ჩხრეკა ჩატარდა ასევე კერძო სახლებშიც.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ამოიღო დოკუმენტები და დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტში.
თვითმხილეველების თქმით, სამართალდამცველები ევროკავშირის საგარეო უწყებაში დღეს, გამთენიისას მივიდნენ.
„ევროაქტივის“ ცნობით, საქმე ეხება 2021-2022 წლებში ევროკავშირის ფინანსების არასათანადო ხარჯვას. კერძოდ, გამოძიება დაინტერესებულია კოლეჯის მიერ ბრიუგეში 3,2 მილიონ ევროს ღირებულების შენობის შესყიდვით, რომელშიც ამჟამად განთავსებული ევროკავშირის დიპლომატიური აკადემია.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ევროპის კოლეჯის“ რექტორიც და ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელიც ამჟამად არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. მოგერინი თანამდებობას 2014-2019 წლებში იკავებდა.
