BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის დანიშნულებაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც მედიის ამ საშუალებებით გადაიცა, ქართულ საზოგადოებაზე ეფექტს ვერ მოახდენს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საზოგადოება თავად ხედავს რა გამოწვევების წინაშე დგას და შეუძლია მათზე ადეკვატურად რეაგირება.
„ვხედავთ, რომ ასეთი ტიპის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც მთავარი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, ვეღარ ჭრის. ამას ადასტურებს არამხოლოდ BBC-ის ერთი სიუჟეტი, არამედ დამადასტურებელი ფაქტების კასკადი. ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ.
ჩვენ გვქონდა ამგვარი რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილებით“ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დამკვიდრება, შანტაჟის უამრავი მცდელობა, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვამბობ – საქართველო იყო გარე დაფინანსებებით თავდასხმის ობიექტი. ამ ხელფასს იღებდა ნაციონალური მოძრაობა და მისი არაერთი დანაყოფი“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
