აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ვაშინგტონში გამართულ LGBTQ+ ლიდერების კონფერენციაზე რესპუბლიკელები მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ტრანსგენდერების უფლებები „პოლიტიკურ ფეხბურთად“ აქციეს.
თანასწორობის მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს მიღებისას, დემოკრატმა ლიდერმა LGBTQ+ საზოგადოებას მოუწოდა, „ადგნენ და შეებრძოლონ“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. ბაიდენის თქმით, ტრამპი და რესპუბლიკელები ცდილობენ თანასწორობისთვის ბრძოლა „საშინელ, ბოროტ“ მოვლენად აქციონ.
„ხალხნო, დონალდ ტრამპი და მისი რესპუბლიკელები ცდილობენ, ჩვენი თანასწორობისთვის ბრძოლა შეაჩერონ და დაამახინჯონ. ისინი ცდილობენ, ეს რაღაც საშიშად, რაღაც ბოროტებად აქციონ. თანასწორობის იდეაზე უფრო ამერიკული არაფერია. არაფერი, არაფერი, არაფერი. სინამდვილეში აქ რთული არაფერია. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ თითოეულ ამერიკელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მას დამსახურებული ღირსებითა და პატივისცემით მოეპყრონ“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა, რომელმაც 2012 წელს, ვიცე-პრეზიდენტობის დროს, მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, განაცხადა, რომ რესპუბლიკელებმა „ადამიანების ძირითადი იდენტობა იარაღად აქციეს“.
