ტაილანდსა და კამბოჯას შორის შეტაკებების განახლებას მსხვერპლი მოჰყვა. კამბოჯის მხარე აცხადებს, რომ ტაილანდმა ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მოსახლეობას, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კამბოჯის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰუნ სენის განცხადებით, სამხედროები 24 საათზე მეტხანს იჩენდნენ მოთმინებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაცავად.
„ჩვენმა ძალებმა უნდა იბრძოლონ ყველა იმ წერტილში, სადაც მტერი დაგვესხა თავს“, – განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ სენმა.
თავის მხრივ, ტაილანდი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში კამბოჯას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ განახლებული შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, სამი სამხედრო დაეღუპა.
ამასთან, როგორც ტაილანდის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სამხედრო მოქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს შეესაბამება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა პრიორიტეტია.
„ტაილანდის ოპერაციები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზეა ორიენტირებული კამბოჯის სამხედრო შესაძლებლობების შესამცირებლად, მაშინ როდესაც კამბოჯის მიერ იარაღის გამოყენება კვლავ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ივლისში ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დავა ხუთდღიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც მალაიზიის პრემიერ-მინისტრის, ანვარ იბრაჰიმისა და აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით შეჩერდა.
