„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, აშშ-მა ევროპას გადასცა გეგმა, რომელიც რუსეთის მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ევროპელი მაღალჩინოსნები მას იალტის კონფერენციას ადარებენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ პარტნიორებს გადაუგზავნა რამდენიმე დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენისა და რუსეთის მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნების გეგმა.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ ერთ-ერთ დოკუმენტში არის გეგმა, როგორ მიიღებენ ამერიკული ფინანსური და სხვა კომპანიები წვდომას ევროპაში გაყინულ რუსულ აქტივებთან, რათა ეს თანხა უკრაინაში პროექტების განსახორციელებლად გამოიყენონ. მაგალითისთვის, ეს გეგმა მოიცავს უკრაინაში ციფრული მონაცემების საცავის მშენებლობას, რომელსაც ელექტროენერგიით ზაპოროჟიეს ატომური სადგური მოამარაგებს.
მეორე დოკუმენტში აღწერილია რუსეთის გლობალურ ეკონომიკაში დაბრუნების გეგმა. ის ითვალისწინებს ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების დაბანდებას რუსეთის სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის იშვიათი წიაღისეულისა და არქტიკაში ნავთობის მოპოვებას, ასევე დახმარებას რუსული ენერგორესურსების დასავლეთ ევროპაში მიწოდების აღდგენაში.
„უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიას სურს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად საჭირო „რეპარაციული კრედიტის“ უზრუნველსაყოფად გამოიყენოს, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ ეს მიდგომა სახსრების სწრაფად ამოწურვას გამოიწვევს. ვაშინგტონი კი პირიქით, მზადაა, მოიზიდოს კერძო კაპიტალი, რომ ეს ფული დააბანდოს და გაზარდოს თანხა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის ხელმძღვანელობით ეს თანხა შეიძლება, 800 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.
თუმცა, როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, ევროპელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ აშშ-ის მიდგომა რუსეთს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რაც საჭიროა როგორც ეკონომიკის, ისე სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად.
„უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსეთი უკვე ექვსი თვეა, ტექნიკურ რეცესიაშია, ხოლო სამხედრო ეკონომიკის მხარდაჭერა და პარალელურად ფასების კონტროლის მცდელობა აჩენს სისტემურ საფრთხეებს რუსეთის საბანკო სექტორისთვის. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი სკეპტიკურად არის განწყობილი აშშ-ის წინადადებების მიმართ, რაც მან საფრანგეთის ლიდერთან და უკრაინის პრეზიდენტთან 8 დეკემებრს გამართულ შეხვედრაზეც დააფიქსირა.
ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა „უოლ სთრით ჯორნალის“ ინტერვიუში აშშ-ის იდეები ღაზის სექტორში „ახლო აღმოსავლური რივიერის“ შექმნის ინიციატივას შეადარა. მეორემ კი აშშ-ის და რუსეთის შესაძლო გარიგებებს 1945 წლის იალტის კონფერენციის ეკონომიკური ვერსია უწოდა.
