ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, გიორგი მდივანმა.
მან ისაუბრა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე რიგი თემების მიმართ. მისივე თქმით, კარგად უნდა განვასხვაოთ, რომ ევროპა ევროკავშირს არ უდრის და ევროკავშირიც უკვე ძალიან ფრაგმენტირებულია.
„აშკარა დაპირისპირებაა სახეზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. ანუ, აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით: ორბანი, პოლონეთში იგივე ნავროცკი, ჩეხეთში – ბაბიში და ასე შემდეგ, ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება.
დასავლეთ ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტს აქტიურობენ და მავნებლობენ იმ ქვეყნის ლიდერები, რომელთაც არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ საკუთარ ქვეყნებში. ვგულისხმობ, პირველ რიგში მაკრონს, რომლის რეიტინგიც ისტორიულ მინიმუმზეა; ასევე ფრიდრიხ მერცი, რომელიც ცდას არ აკლებს უკრაინის ომის გაჭიანურებას და იქ უკვე მისი პარტია საზოგადოებრივი გამოკითხვებით აღარ არის პირველ ადგილზე. ასევე, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ დიდი ბრიტანეთი, რომელმაც ევროკავშირი დატოვა, მაგრამ მისი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე კონტროლდება და იმართება გლობალური „დიფ სთეითის“ მიერ და ეს ჩვენი მოსაზრება არ არის. ამას ამბობს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ლიზ ტრასი, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბრიტანელი პოლიტიკოსი და ამჟამად პირველ ადგილზე მყოფი „რეფორმის პარტიის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი. ეს კარგად ჩანს მათ მიერ გატარებული პოლიტიკით და სახეზე გვაქვს ეს დაპირისპირება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
