ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის, ბევრი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და ყოველ ჯერზე ჩვენ გამჭვირვალედ, ღიად ვსაუბრობთ „იგლი ჰილსის“ პროექტის სიკეთეებზე, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ტიპის ვალდებულება აქვს აღებული სახელმწიფოს „იგლ ჰილსთან?“
„ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს არ აუღია არავითარი ფინანსური ვალდებულება, სახელმწიფოს არ გაუცია არავითარი ფინანსური გარანტია. მიუხედავად ინვესტიციის უპრეცედენტო მოცულობისა, საქართველოს ხელისუფლებას არ გაუცია რამე საგამონაკლისო პირობა ინვესტორისთვის, მათ შორის ამ პროექტისთვის. როგორც ყველა პროექტში – და არც ეს პროექტია განსხვავებული – ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ეროვნული ინტერესის დაცვა. ვერცერთი ინვესტიცია ვერასდროს დადგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე მაღლა. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციის მოზიდვა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ბერკეტებით არის გადაზღვეული კომპანიის მიერ მიწის გასხვისების შესაძლებლობა, რაზეც საზოგადოებამ არაერთი განცხადება მოისმინა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ინვესტორს, ხელშეკრულების თანახმად, არ აქვს უფლება, გაასხვისოს მიწა.
„მიუხედავად იმისა, რომ გვესმის სპეკულაციები ხელშეკრულების არგასაჯაროების თაობაზე, უკვე იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ გამჭვირვალედ, რომ, ფაქტობრივად, ხელშეკრულების ყველა მთავარი კომპონენტი გასაჯაროებულია და არაფერი დარჩა ამ პროექტის გარშემო უთქმელი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ, ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორს არ აქვს უფლება, გაასხვისოს მიწა. მეორე მხრივ, საქართველო არის თანამესაკუთრე ამ მიწის, ჩვენი მიწის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ასევე მინდა, საზოგადოებას მივმართო, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ავყვეთ სპეკულაციებს, თითქოს ქვეყანას ემუქრება ე.წ. არაბიზაცია, რომელიც სასაუბროდაც კი უხერხულია. გამორჩეულად, ასე ვთქვათ, ხისტი რეგულაციები და აღსრულების მექანიზმები გვაქვს ჩვენ ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით. საკუთრების უფლების მოპოვება არავითარ კავშირში არ არის ბინადრობის უფლების მოპოვებასთან. არსებულ შეთანხმებაში არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს რამე საგამონაკლისო კომპონენტს ამ ნაწილში, ჩვენი ხელისუფლება არასდროს მიაბამს ერთმანეთს ამ ორ კომპონენტს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი თავისი შინაარსით გულისხმობს მულტიფუნქციური სივრცეების განვითარებას.
„ეს არ არის მხოლოდ სივრცე, სადაც 850 ჰექტარზე მოხდება საცხოვრებელი სივრცეების განაშენიანება. ეს იქნება სივრცეები, მათ შორის, შეგვიძლია, გონიო მოვიყვანოთ მაგალითად, სადაც მოხდება, ერთი მხრივ, განთავსების ობიექტების განვითარება, საცხოვრებელი სივრცეების განვითარება, სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა ძალიან დიდი ფართობი, ისევე როგორც მოხდება სარესტორნო, საფეხმავლო ქუჩების მოწყობა, სავაჭრო ობიექტების მოწყობა. სიახლე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის იახტკლუბის მოწყობა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ გონიო თავისი ახალი პროდუქტით აჭარის რეგიონს დამატებით ღირებულებას შესძენს, რომ აჭარა გარდაიქმნას ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად. ფაქტობრივად, ახალი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც აჭარის რეგიონს შეემატება, პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდაზე. იგივე მოხდება დედაქალაქის პროექტშიც. ეს პროექტი, რეალურად, არის ქართული პროექტი. პროექტის განვითარება მოხდება ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისი ყველა რეგულაციით. რა თქმა უნდა, ინვესტორს მოუწევს, მათ შორის, აიღოს სამშენებლო ნებართვა და გაიაროს ყველა ის პროცედურა, რომელსაც გადის ყველა ინვესტორი, რომელიც იმავე სექტორში ოპერირებს. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდას, მოიტანს ახალ ღირებულებას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, შექმნის ახალ სიკეთეებს, დასაქმების ადგილებს და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად გაზრდის მოცულობითად. აქედან გამომდინარე, ალბათ ეს არის ის პროექტი, რითიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, იყოს ამაყი. არავითარი რისკები ამ პროექტს არ ახლავს. საქართველოს ხელისუფლებას არ აუღია არავითარი ფინანსური ვალდებულება, ფინანსური გარანტია. ჩვენი ვალდებულება პროექტის განვითარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ნულოვანია და ინვესტორმა აიღო სრული ვალდებულება, მათ შორის, პროექტის განვითარების, ფინანსების უზრუნველყოფის და პროექტის საერთაშორისო, ევროპული სტანდარტებით მართვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
