აშშ უკრაინას, დონბასის დათმობის სანაცვლოდ, ნატო-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებულ უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაიდება სამი ცალკეული შეთანხმება – მშვიდობის, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ.
„როდესაც ადამიანები ხედავენ, რას იღებენ და არა მხოლოდ იმას, თუ რას თმობენ, ისინი უფრო მეტად არიან მიმართული წინსვლისკენ. ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავისი ტერიტორიის 80%-ზე, მიიღებს ყველაზე დიდ და ძლიერ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებათა პაკეტს კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა თეთრი სახლის ანონიმურმა წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ საუბრისას.
როგორც მედია წერს, აშშ-ში პროგრესად მიიჩნევენ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯარო განცხადებას ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
„აქსიოსს“ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამ დისკუსიებმა და აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდმა საკმარისი პროგრესი აჩვენა, რათა დონალდ ტრამპმა სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ევროპაში მოლაპარაკებებისთვის გაგზავნოს.
„ისინი მიიჩნევენ, რომ მშვიდობის შანსი არსებობს და პრეზიდენტი მათ ენდობა,“ – აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი „აქსიოსთან“ საუბრისას.
ამასთან, თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, უკრაინას მიაწოდოს გარანტიები ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე, რომელსაც კონგრესი დაამტკიცებს და იურიდიულად სავალდებულო იქნება.
„ჩვენ გვსურს უკრაინელებს მივაწოდოთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც, ერთი მხრივ, არ იქნება ცარიელი ჩეკი და, მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ის კონგრესს კენჭისყრისთვის გავუგზავნოთ“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.
