ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონკურსის ორგანიზებაში ერთიანი გუნდი იყო ჩართული, მხოლოდ საქართველოდან 1500-დან 2000 ათასამდე ადამიანი.
„ამ ადამიანებმა ერთი წლის განმავლობაში ის ხარისხი დადეს, რაც ვიხილეთ. ყველას ვურჩევ, ვინც ვერ უყურა, გადაახვიონ და შეხედონ, როგორი ხარისხით, რა სურათით გავიდა და წარსდგა დღეს საქართველო მსოფლიოს წინაშე. კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს. ძალიან რთული იყო ტექნიკურად, რთული დავალების სიმღერის კონკურსი იყო. მონაწილეობდა 18 ქვეყანა, პრაქტიკულად ქალაქი გაშენდა ამისთვის. მადლობა მინდა, ვუთხრა შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც შინაარსობრივი ნაწილი მოიფიქრა, რომ საქართველო დღეს ჟღერდა, ჩანდა მთელ ევროპაში და ალბათ, მსოფლიოში“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
მისი თქმით, საბავშვო ევროვიზია 2025 უმაღლეს დონეზე ჩატარდა.
„ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობდა, რაც ნამდვილად კარგია, ყველაფერი ქართული ერთობით გაკეთდა. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსაკუთრებით, თიკო ბერძენიშვილს და მაუწყებლის დიდ გუნდს, რომელსაც დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული. მადლობა ბასა ფოცხიშვილს, ისეთი გახსნა და დახურვა აჩვენა, მსოფლიოს დიდ, კარგ კონკურსს რომ შეშურდებოდა. მადლობა მთელ შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა „რანინას“, პროექტს, რომელიც ფაბრიკასავით უშვებს ამ ბავშვებს. მადლობა საქართველოს მთავრობას, ყველა იყო ჩართული – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური, ყველანი ვიყავით ჩართული. მადლობა კულტურის სამინისტროს ჯგუფსაც. ტექნიკურად ეს რომ არ შესძლებოდა „სთარინგ ჯორჯიას“, არაფერი გამოვიდოდა. ძალიან ემოციური დღეა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ყველაზე დიდი მადლობა იმ პაწია ანდრია ფუტკარაძეს, სამშობლო ასახელა ამ პატარა ასაკში. ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩავატარეთ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
