დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის კრიზისის შესახებ აცხადებს. ამ თემაზე მან თავისი შოუს მეორე ეპიზოდში ისაუბრა.
მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ იყენებს როგორც სახელმძღვანელოს, რათა შექმნას ვითარება, რომელშიც ადამიანები საკუთარი მოსაზრების გამოხატვის გამო შესაძლოა სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
ტრასი ასევე აცხადებს, რომ ყოველდღიურად ბრიტანეთში აზრის გამოხატვისთვის 30 ადამიანს აკავებენ და ეს რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთსა და ჩინეთში.
„თანამედროვე ბრიტანეთს ცენზურის ისეთი ისტორია აქვს, რომლითაც აღმოსავლეთ გერმანიაც კი იამაყებდა. ხელისუფლება მიზანში იღებს ადამიანებს, რომლებიც ლოცულობდნენ აბორტის კლინიკების გარეთ, კაცს, რომელიც ყურანს წვავს და თუნდაც ადამიანებს, რომლებიც Twitter-ზე ხუმრობენ. ეს შემთხვევით არ ხდება. ამის მიზანია ბრიტანელებს ხელი შეუშალოს იმის თქმაში, რასაც ფიქრობენ. ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ წალეკილები ვართ მასობრივი მიგრაციით. ეს მთავრობა არის ყველაზე არაპოპულარული ისტორიაში. და ელიტების პასუხი არ ყოფილა საკუთარ თავში ჩახედვა. ეს არ არის საზოგადოების მოსმენა. მათი პასუხია მცდელობა, ჩაახშონ განსხვავებული აზრის მქონე ხმები“, – აცხადებს ტრასი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ვითარება მთელს ევროპაშია, სადაც სიტყვის თავისუფლება დეზინფორმაციასთან ბრძოლის საბაბით იზღუდება. ტრასი ამაში ევროკავშირი ადანაშაულებს.
