უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევი მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნაზე, თუ აშშ და ევროპა უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს შესთავაზებენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ჯგუფურ ჩატში გააკეთა.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კერძოდ, მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე… ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ჩვენთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, როგორიცაა კანადა, იაპონია და სხვები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინა და ევროპის ლიდერები მუშაობენ აშშ-ის მიერ შედგენილ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებსაც მოიცავს.
