სტრასბურგის სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე M.S.L., TOV უკრაინის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი განიხილა.
სტრასბურგის სასამართლომ, ზოგადად სანქციის ინსტიტუტზე და სანქციების საფუძველზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის სტანდარტზე მსჯელობის შემდეგ, მოსარჩელე კომპანიის კონკრეტულ სასარჩელო მოთხოვნებზე იმსჯელა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე პრეზიდენტის დეკრეტი, რომელთა საფუძველზედაც მოსარჩელე კომპანიის ქონებას ყადაღა დაედო, არავითარ დასაბუთებას არ შეიცავდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და დეკრეტში უბრალოდ მექანიკურად იყო გადმოტანილი “სანქციების შესახებ” კანონით გათვალისწინებული ყველა ის საფუძველი, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სანქცია შესაძლოა დაჰკისრებოდა. გადაწყვეტილებასა და დეკრეტში არ იყო ახსნილი ეს საფუძვლები მოსარჩელე კომპანიას რატომ და როგორ მიესადაგებოდა. სასამართლომ იქვე განმარტა, რომ მართალია კონკრეტული საგამონაკლისო გარემოებების არსებობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასა და დეკრეტში შესაძლოა სანქციების გამოყენების ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ყოფილიყო მითითებული, თუმცა მოსარჩელე კომპანიისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სანქციის გამოყენების საფუძვლების არსი მაინც გაეგო, რათა თავის დასაცავად არგუმენტები მოემზადებინა (98-ე პარაგრაფი).
აღნიშნულის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიკვლია – ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებისა და დეკრეტის არასაკმარისი დასაბუთების გათვალისწინებით, ჰქონდა თუ არა ეროვნულ დონეზე მოსარჩელე კომპანიას საკმარისი საპროცესო გარანტიები იმისთვის, რომ ეროვნულ სასამართლოში მისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ეფექტიანად ედავა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება და დეკრეტი მოსარჩელე კომპანიისთვის სანქციის დაკისრების შესახებ ეფექტიანად არ განიხილეს.
ეროვნულმა სასამართლოებმა მხოლოდ ის შეაფასეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება და პრეზიდენტის დეკრეტი მათი მიღებისთვის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს რამდენად აკმაყოფილებდა. ეროვნულმა სასამართლოებმა მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოსარჩელე კომპანიის წინააღმდეგ მოპოვებული ინფორმაციის შინაარსზე, რომელსაც პრეზიდენტის დეკრეტი დაეყრდნო, საერთოდ არ იმსჯელეს.
მოპასუხე სახელმწიფოს უზენაესმა სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა უფლებამოსილება ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ფაქტობრივი ინფორმაცია შეეფასებინა. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა იმ საკითხის შესახებ მსჯელობაზე – მოსარჩელე კომპანიის საქმიანობა რამდენად უქმნიდა საფრთხეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულის შედეგად, ყველაზე მთავარი შეკითხვა ეროვნულ სასამართლოებში პასუხგაუცემელი დარჩა, კერძოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოსარჩელე კომპანიის საქმიანობა ნამდვილად უქმნიდა თუ არა საფრთხეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას (99-ე და 102-ე-104 პარაგრაფები).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში არ შეიძლება მოსარჩელე კომპანიის საჩივრის ეროვნული სასამართლოების მიერ განხილვის ფორმა და მასშტაბი თვითნებობის გამოსარიცხად საკმარის საპროცესო გარანტიად იქნეს მიჩნეული, რადგან ეროვნულ სასამართლოებს არ შეუმოწმებიათ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებები საკმარისად მყარ ფაქტობრივ საფუძვლებს რამდენად ეფუძნებოდა, ასევე მოსარჩელე კომპანიის საწინააღმდეგო ფაქტობრივი ინფორმაციები რამდენად დასაბუთებული იყო (108-ე პარაგრაფი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე კომპანიისთვის სანქციის დაკისრებით მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცული მოსარჩელის საკუთრების უფლება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხე სახელმწიფომ ასევე დაარღვია კონვენციის მე-13 მუხლი, ვინაიდან მოსარჩელეს ეროვნულ დონეზე უფლების დაცვის ეფექტიანი შესაძლებლობა არ ჰქონია (111-ე და 121-ე პარაგრაფები).
