აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანდრეი ბაბიშს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ულოცავს.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ბაბიშთან თანამშრომლობით კიდევ ერთხელ მიაღწევს დიდ წარმატებას თავდაცვის, ენერგეტიკისა და არალეგალური იმიგრაციის საკითხებში.
„სასიამოვნოა ანდრეი ბაბიშის ჩეხეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ მივაღწევთ დიდ წარმატებას თავდაცვის, ენერგეტიკისა და არალეგალური იმიგრაციის საკითხებში, ისევე, როგორც ეს ჩვენი პირველი ვადის განმავლობაში გავაკეთეთ. ანდრეიმ იცის, როგორ დადოს შეთანხმებები და მე მისგან წარმოუდგენელ რაღაცებს ველოდები, მათ შორის „ეფ-35“-თან დაკავშირებით. გილოცავთ, ანდრეი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ანო“-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში დანიშნა. ოპოზიციაში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ, ანდრეი ბაბიში ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდა. ბაბიშის პარტიამ, „ანო“-მ კოალიცია ჩამოაყალიბა მემარჯვენე ევროსკეპტიკურ პარტია „ავტომობილისტებთან“ და ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისა და ნატო-ს მოწინააღმდეგე SPD-სთან.
