რუსეთის პოზიცია უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით ცნობილია, თუმცა ეს საკითხი განსახილველად ღიაა, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მოსკოვისთვის „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების ვარიანტი, პესკოვმა უპასუხა, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია.
„ჩვენი პოზიცია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტის განლაგების შესახებ კარგად არის ცნობილი. ის ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის მიერ, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს განხილვის საგანია“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უკრაინის სამშვიდობო საკითხებში საკუთარი მთავრობის ხაზს მისდევს და არა რუსეთისას.
„უიტკოფი დონალდ ტრამპის გუნდის წევრია და ის თავისი პრეზიდენტის ხაზს მისდევს. ყოველი ახალი კონტაქტით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მას აქვს შესაძლებლობა, უკეთ გაიგოს ჩვენი პოზიცია ყველაზე აქტუალურ საკითხებზე“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში აშშ-ის წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტი დაგეგმილი არ არის.
