აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„22 ვაგონისგან შემდგარმა მატარებელმა, რომელიც 1300 ტონა აზერბაიჯანული A-95 მარკის ბენზინით არის დატვირთული, სომხეთ-საქართველოს საზღვარი „აირუმის“ გამშვებ პუნქტში გადაკვეთა“, – დაწერა პაპოიანმა.
მისი თქმით, მატარებელი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩავიდა.
„ეს არის პირველი სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის შემდეგ, არამედ თავისუფლების მოპოვების შემდეგაც“, – დასძინა სომეხმა მინისტრმა.
აზერბაიჯანული ბენზინით დატვირთული მატარებელი აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით გუშინ დაიძრა.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.

