პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გუშინ ვარშავაში ჩასულ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ორი ტომისგან შემდგარი „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ შესახებ დოკუმენტები გადასცა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ წიგნებში აღწერილია უკრაინელი ნაციონალისტების მიერ 1940-იან წლებში ვოლინში მცხოვრები პოლონელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები. წიგნები პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ 2023-2024 წლებში არის გამოცემული.
როგორც პოლონური მედია იუწყება, ნავროცკი ზელენსკის აღნიშნული პრობლემის შესახებ დახურულ კარს მიღმა ესაუბრა. მოლაპარაკებების დროს ნავროცკიმ აღნიშნა, რომ პოლონური მხარე ვოლინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ექსჰუმაციას მოითხოვს. მას ეს საკითხი საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ დაუყენებია.
ცნობისთვის, ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვა-ჟლეტას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური კიევი ასე არ ფიქრობს.

