უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე ალექსანდრ კამიშინი აცხადებს, რომ უკრაინა და პორტუგალია უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ.
„უკრაინამ და პორტუგალიამ უკრაინული საზღვაო დრონების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი უეკიპაჟო კატერები იდეალურად მუშაობენ რუსული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ. ახლა ისინი პორტუგალიას ზღვიდან ევროპის დაცვაში დაეხმარებიან“, – დაწერა კამიშინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აწერენ დოკუმენტს ხელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ლუიშ მონტენეგრუ, რომელიც კიევში იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან, ლუიშ მონტენეგრუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინამ და პორტუგალიამ მნიშვნელოვან ერთობლივ წარმატებას მიაღწიეს.
„ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი საზღვაო დრონების წარმოების პარტნიორობის დამყარების შესახებ. ეს ამჟამად თავდაცვის სფეროში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. ევროპის ყველა ნაწილს უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალები ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. თანამედროვე დრონები კი ნამდვილი თავდაცვის ინსტრუმენტია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მონტენეგრუმ აღნიშნა, რომ პორტუგალიას სურს უკრაინასთან თავისი გამოცდილებისა და სამეცნიერო მიღწევების გაზიარება.
„დღეს ჩვენ გადავდგით მხარდაჭერის ახალი ნაბიჯი. ეს არის ერთობლივი განცხადების ხელმოწერა უკრაინასა და პორტუგალიას შორის უპილოტო საზღვაო სისტემების წარმოების პარტნიორობის დაწყების შესახებ. პორტუგალია მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ერთობლივი დრონების წარმოების მიმართულებით. ჩვენ ასევე გვინდოდა, უკრაინისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, მათ შორის სამეცნიერო მიღწევები, რაც შეიძლება, სასარგებლო იყოს უკრაინისთვის“, – განაცხადა ლუიშ მონტენეგრუმ.

