სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს ბოლო შემაჯამებელი ღონისძიებები გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, Dubai Festival City Mall-ში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით წარდგა, რომელიც საქართველოს ოთხი სეზონის ამსახველი ვიზუალებით იყო გაფორმებული.
3 დღის განმავლობაში, Dubai Festival City Mall-ის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზამთრის კურორტებს, კულტურას, VR სათვალეების საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს ოთხ სეზონიან კურორტებზე. ვიზიტორებმა ინფორმაცია მიიღეს ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ღონისძიება სპარსეთის ყურეში ერთ-ერთი უმსხვილეს მარკეტინგულ კომპანიასთან FLC თანამშრომლობით დუბაის ერთ-ერთ უმსხვილეს Dubai Festival City Mall-ში, რომელსაც ყოველკვირეულად 500 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
დუბაიში გამართული ღონისძიების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან წამყვან ტუროპერატორებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, 10 უცხოელ ტუროპერატორს 40-მდე ქართული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, B2B ფორმატის ფარგლებში მოწყობილ შეხვედრაზე თანამშროლობის გაღრმავებისა და საქართველოში ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.
უცხოელმა ტუროპერატორებმა თბილისსთან ერთად მოინახულეს გუდაური, სტეფანწმინდა, გაეცნენ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს სასტუმროები, ეწვივნენ კახეთს, სადაც სტუმრებისთვის კერძების დეგუსტაცია მოეწყო.
ინფოტურთან ერთად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა გამოცემების წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა.
მედია ტურის მონაწილეები ესტუმრნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, ზამთრის კურორტებს, გაეცნენ ტურისტულ პოტენციალს.
უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს კულტურის, ტურისტული პროდუქტებისა და სამზარეულოს შესახებ ვრცელ სტატიებს ამზადებენ, რაც სოციალური ქსელებით, ონლაინ და ბეჭდური გამოცემებით გავრცელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

