უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით ულტრანაციონალისტი და უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაური, დენის კაპუსტინი (ნიკიტინი) დაიღუპა.
“ამ ღამეს, წინასწარი ინფორმაციით FPV-დრონის დარტყმის შედეგად ფრონტის ზაპოროჟიეს მიმართულებით, საბრძოლო დავალების შესრულების დროს გმირულად დაიღუპა ჩვენი მეთაური – დენის WhiteRex კაპუსტინი
დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ.
ჩვენ აუცილებლად ვიძიებთ შურს, დენის”. – წერია განცხადებაში, რომელიც რუსული მოხალისეთა კორპუსის ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
ცნობისთვის, რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) შეიარაღებული დანაყოფია, რომელიც უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის – ისინი ცნობილები გახდნენ რუსეთის ტერიტორიაზე (ბელგოროდის, ბრიანსკის რეგიონებში) განხორციელებული რეიდებით და საკუთარ თავს ანტიპუტინისტურ ძალად აცხადებენ.
2024 წლის 12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ, რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ.
შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.
პროუკრაინული ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა – რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ – შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

