აშშ-ში, ქალაქ მედფორდში მცხოვრები 12 წლის ტრისტენ ტეილორი სამართალდამცველებს ქურდის დაკავებაში დაეხმარა.
New York Post-ის ინფორმაციით, შემთხვევა 23 დეკემბერს მოხდა. ტრისტენი სახლში მარტო იყო. თავის ოთახში ყოფნისას მას შუშის ჩამსხვრევის და სამზარეულოში ნაბიჯების ხმა შემოესმა. ბიჭი მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ფანჯრიდან ეზოში გადაძვრა. როცა დაინახა, რომ სახლში უცხო ადამიანი იყო შეჭრილი, მაშინვე 911-ზე დარეკა.
სამართალდამცველები ადგილზე 3 წუთში მივიდნენ და 53 წლის, უსახლკარო კრისტიან გარსია დააკავეს. ამის შემდეგ ტრისტენი დედას, ემბერს, დაუკავშირდა და ყველაფერი უამბო.
„თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა, რადგან საუბრისას ძალიან მშვიდად იყო. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა ტელეფონი პოლიციელს გადასცა“, – იხსენებს ქალი.
სოციალური ქსელების მომხმარებლები მომხდარს ფილმის „მარტო სახლში“ სიუჟეტს ამსგავსებენ.

