აშშ-ის ხაზინამ ირანიდან და ვენესუელადან ათი ფიზიკური და იურიდიული პირი სანქციების სიაში დაამატა.
მედიის ცნობით, აშშ-ის ხაზინამ სანქციების სიაში შეიყვანა ვენესუელაში დაფუძნებული კომპანია Empresa Aeronautica Nacional SA და მისი თავმჯდომარე, ხოსე ხესუს ურდანეტა გონსალესი, რომლებმაც ირანსა და ვენესუელას შორის უპილოტო საფრენი აპარატებითა და დრონებით ვაჭრობაში წვლილი შეიტანეს.
„ურდანეტამ, EANSA-ს სახელით, ვენესუელასა და ირანის შეიარაღებული ძალების წევრებთან და წარმომადგენლებთან კოორდინაცია გაწია ვენესუელაში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე“, – ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.
ამასთან, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, ჯონ ჰურლიმ აღნიშნა: „ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფი ზომების მიღებას, რათა შევაჩეროთ ისინი, ვინც ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომას აძლევს“.
ცნობისთვის, აშშ-მა ბოლო თვეებში ვენესუელაზე ზეწოლა გააძლიერა და სამხრეთ კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ძალების დიდი რაოდენობა განალაგა. მან ასევე სანქციები დაუწესა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის ოჯახის წევრებსა და თანამოაზრეებს.

