ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰენგავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვებიც.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2 იანვრის საღამოს 42 წლის ქურთი ეროვნების მამაკაცი ქერმანშაჰის პროვინციაში მიმდინარე აქციის დროს მოკლეს, 28 წლის მამაკაცი კი – ლორესტანის პროვინციაში.
ირანის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, ბოლო დღეებში აქციებს ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა, თუმცა მომიტინგეების ძირითადი ნაწილის გარეთ მყოფმა პირებმა, უცხოელი აქტორებისა და ქვეყნის უსაფრთხოების მტრების ბრძანებით ან ხელმძღვანელობით, სცადეს, ლეგიტიმური პროტესტი დესტრუქციულ და ძალადობრივ ქმედებებად გადაექციათ.
„პოლიციის წითელი ხაზი ხალხის უსაფრთხოება და ქონების ნებისმიერი განადგურებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ხელყოფის პრევენციაა, ბუნებრივია, ვანდალები და მოქალაქეთა უფლებების დამრღვევები დაისჯებიან“, – განაცხადა ირანის პოლიციის სპიკერმა, სარდარ საედ მორტაზერმა.
ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ ქვეყანა გადამწყვეტად და შეუზღუდავად უპასუხებს ნებისმიერ უცხოურ საფრთხეს.

