ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი მაიკ ლი აცხადებს, რომ ვენესუელაში აშშ-ის შემდგომი მოქმედებები მოსალოდნელი აღარ არის, რადგან ნიკოლას მადურო აშშ-ის პატიმრობაშია.
მაიკ ლის განცხადებით, ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომელიც, მისი თქმით, ამბობს, რომ მადურო შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის ბრალდებით უნდა წარდგეს სასამართლოში.
ამერიკელი სენატორი ამბობს, რომ კინეტიკური ქმედება გამოყენებული იყო დაპატიმრების ორდერის შემსრულებლების დასაცავად.
მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა ვენესუელაში სამხედრო ბაზები, ქვეყნის მთავარი პორტი და პარლამენტის შენობა დაბომბეს.
ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

