რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს, რომან კოლესნიკოვს, რომელმაც ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურება 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ესტონეთში შესვლა აუკრძალეს.
კოლესნიკოვისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, 2 იანვარს მიიღო. ამის შესახებაც ესტონური გამოცემა „პოსტიმეესის“ რუსულენოვანი სამსახური იტყობინება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აკრძალვის მიზეზი ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაა. უწყების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კრისტიან პერტმა აღნიშნა, რომ კოლესნიკოვი, თავისი საქმიანობით, მხარს უჭერდა რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკასა და „რუსული სამყაროს“ (Russkiy Mir) იდეოლოგიას, რომელიც ომისა და ძალადობის გამართლებისკენ არის მიმართული.
სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურებს სისტემატურად იყენებენ სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის ძირის გამოსათხრელად.
კოლესნიკოვი გახდა მესამე სასულიერო პირი, რომელსაც ბოლო პერიოდში ესტონეთში შესვლა უსაფრთხოების მიზეზით აუკრძალეს.
ესტონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას (ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია) ამ საკითხზე არსებითი კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

