დონალდ ტრამპის ქმედებები ვენესუელაში ამერიკას არც უფრო უსაფრთხოს, არც უფრო ძლიერს და არც უფრო ეკონომიკურად სტაბილურს ხდის, – წერს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. სოციალურ ქსელში X გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კარაკასზე დარტყმებსა და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავებას და ქვეყნიდან გაყვანას „უკანონოს და გაუაზრებელს“ უწოდებს.
„ის ფაქტი, რომ მადურო სასტიკი და არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმას, რომ ეს ქმედება იყო როგორც უკანონო, ისე გაუაზრებელი. ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს: ომები რეჟიმის შესაცვლელად ან ნავთობისთვის, რომლებიც ძალის დემონსტრირებად საღდება, საბოლოოდ კი ქაოსში გადადის და ამის საფასურს ამერიკული ოჯახები იხდიან. ამერიკელ ხალხს ეს არ სურს და დაიღალა იმით, რომ მათ ატყუებენ.
საქმე არ ეხება ნარკოტიკებს ან დემოკრატიას. საქმე ეხება ნავთობს და დონალდ ტრამპის სურვილს, მოირგოს რეგიონული „ძლიერი მმართველის“ როლი. მას რომელიმე ეს ფაქტორი რომ ადარდებდეს, არ შეიწყალებდა მსჯავრდებულ ნარკომოვაჭრეს და გვერდზე არ გაწევდა ვენესუელის ლეგიტიმურ ოპოზიციას მადუროს გარემოცვასთან გარიგებების ძიების პროცესში.
პრეზიდენტი საფრთხის ქვეშ აყენებს ჯარებს, ხარჯავს მილიარდებს, ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას და ამას აკეთებს ყოველგვარი სამართლებრივი უფლებამოსილების, გამოსავლის გეგმისა და ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის გარეშე.
ამერიკას სჭირდება ლიდერობა, რომლის პრიორიტეტები იქნება მშრომელი ოჯახებისთვის ხარჯების შემცირება, კანონის უზენაესობის აღსრულება, ალიანსების გაძლიერება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკელი ხალხის ინტერესების წინ დაყენება“, – წერს ჰარისი.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.

