დემოკრატი სენატორი მარკ კელი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვენესუელაში განხორციელებული ოპერაციის გამო აკრიტიკებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კელი აღნიშნავს, რომ შესაძლოა კარაკასში განვითარებული მოვლენები სხვა ქვეყნებმა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად გამოიყენონ.
„ტრამპს ჰგონია, რომ პუტინივით მოქცევა მას ძლიერად აჩენს, მაგრამ იმას, რაც მან ვენესუელაში გააკეთა, აქვს სტრატეგიული შედეგები, რომლებიც მას არ ესმის. ჩინეთმა შესაძლოა ეს ტაივანზე თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენოს, ხოლო რუსეთმა – უკრაინაში ან სხვაგან ესკალაციის გასამართლებლად. ტრამპი ამას ვერ ხვდება, რაც ამერიკელებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, – წერს კელი.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს.

