მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ის ინტერვენცია ვენესუელაში და პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება.
„მექსიკის პოზიცია ნებისმიერი ფორმის ინტერვენციასთან დაკავშირებით მტკიცე, ნათელი და ისტორიულია. მექსიკა კვლავ ადასტურებს პრინციპს, რომელიც არც ახალია და არც ორაზროვნების საშუალებას იძლევა: ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა მექსიკის პრეზიდენტმა.
„ლათინური ამერიკის ისტორია ნათელი და დამაჯერებელია. ინტერვენციას დემოკრატია არასდროს მოუტანია. მხოლოდ თავად ხალხს შეუძლია საკუთარი მომავლის შენება, საკუთარი გზის არჩევა, სუვერენიტეტის განხორციელება საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე და მმართველობის ფორმის თავისუფლად განსაზღვრა. მექსიკისთვის – და როგორც ეს ყველა მექსიკელისთვის უნდა იყოს – სუვერენიტეტი და ხალხთა თვითგამორკვევა არც არჩევითია და არც ვაჭრობის საგანი. მექსიკა მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომ ამერიკის კონტინენტი არცერთ დოქტრინასა თუ ძალას არ ეკუთვნის. ამერიკის კონტინენტი მისი თითოეული ქვეყნის ხალხს ეკუთვნის“, – დასძინა მან.

