ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მომდევნო 30 დღის განმავლობაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.
„ჯერ ქვეყანა უნდა მოვაწესრიგოთ. არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხალხი ხმის მიცემასაც კი ვერ შეძლებს. არა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ… ჩვენ ქვეყანა უნდა გამოვაჯანმრთელოთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ აშშ-მა შესაძლოა სუბსიდირება გაუწიოს ნავთობკომპანიების ძალისხმევას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად – პროექტს, რომელსაც, მისივე თქმით, შესაძლოა 18 თვეზე ნაკლები დასჭირდეს.
„უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო და ამას ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ეს დანახარჯები ჩვენ მიერ ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნა მან.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ იმყოფება ომში ვენესუელასთან.
„არა, არ ვიმყოფებით“, – განაცხადა ტრამპმა. „ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოდამოკიდებულებსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს ჩვენს ქვეყანაში გზავნის“.
ტრამპმა განაცხადა, რომ დელსი როდრიგესი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ბანაკსა და ამერიკულ მხარეს შორის კომუნიკაცია მადუროს გადაყენებამდე არ ყოფილა.
მან მიანიშნა, რომ აშშ-მა შესაძლოა მეორე სამხედრო ინტერვენცია წამოიწყოს ვენესუელაში, თუ როდრიგესი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობას შეწყვეტს, თუმცა დასძინა, რომ არ მიიჩნევს, ეს საჭირო გახდება.

