სასურსათო პროდუქტზე ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და გააბათილა რადიკალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის საქმიანობა და პროდუქციაზე ფასების რეგულირებაში ჩარევა ბიზნესის შევიწროებას გამოიწვევს.
ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებს მცდელობა მიმართულია არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ და არა სამართლიანი კონკურენციის წინააღმდეგ.
„ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება, იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ არაკეთილსინდისიერ გარიგებებზე. ბიზნესი ყოველთვის მოგებულია, როდესაც არსებობს სამართლიანი კონკურენცია. საუბარი არ არის არც ფასების კონტროლზე, ან სხვა რაიმე ტიპის კონტროლის მექანიზმის დაწესებაზე. საუბარი ეხება იმას, რომ ბაზარზე იყოს სამართლიანი კონკურენცია, ხოლო არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები პასუხისმგებელნი იყვნენ კანონის წინაშე. სწორედ ამ მიზნით ტარდება კვლევა იმის, თუ სად, რომელ ეტაპზე ხდება ისეთი კარტელური გარიგებები, რომლებიც იწვევენ ფასების არაობიექტურ ზრდას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

