აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის ელჩს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა.
“გიორგი ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებს. მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მხარის მიერ, წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, თურქეთის ელჩმა გიორგი ჯინჭარაძეს მადლობა გადაუხადა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მხარეებმა სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების გეგმები განიხილეს,”- წერია ინფორმაციაში.






