მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
იგი 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრების შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა.
„არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს რადიკალებს – აქციები თავის ძალას კარგავს, დიდი ხანია, დაკარგული აქვს და იმისთვის, რომ მათ მუხტი მოემატოს, უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს.
მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა და აჟიოტაჟის ხელოვნურად გაზრდა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.
