ამ შეხვედრების ფაქტი, რომელიც ფაქტობრივად, დადასტურებულია, ნიშნავს ვენის კონვენციის კიდევ ერთხელ უხეშ დარღვევას, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩისა და აქტივისტების გასაიდუმლოებულ შეხვედრას, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით, 15 იანვარს საელჩოში გაიმართა.
„ყველა გაფრთხილდეს – რადიკალიზმის მომხრე როგორც შიდა, ასევე გარე აქტორი. ყველა თეთრი, რომელიც საქართველოში ქვეყნის ფარგლებს გარედან იქნება შემოსული, იქნება გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბუნებრივია, ყველა ზომას გამოიყენებს იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნები აღსრულდეს. ამასთანავე, ვერავინ ეღირსება, რომ საქართველოში დატრიალდეს ის ტრაგედია და უბედურება, რომელსაც სამწუხაროდ, ვხედავთ ირანში. ამ შეხვედრების ფაქტი, რომელიც ფაქტობრივად, დადასტურებულია, ნიშნავს ვენის კონვენციის კიდევ ერთხელ უხეშ დარღვევას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, „გირჩის“ წევრი ლუკა მიშველაძე, ასევე მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დათა ქაშიაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ელჩი, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც აუცილებელია, რომ როგორც ირანში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივ რადიკალურ პროტესტში – ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.
გერმანიის ელჩთან შეხვედრის ფაქტზე და შეხვედრის შინაარსის შესახებ დასმულ კითხვას აქტივისტები გაურბიან, თუმცა აუდიენციას ადასტურებენ.
აღნიშნულ საკითხზე „ქრონიკამ“ კითხვით გერმანიის საელჩოსაც მიმართა. თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
