არანაირი კითხვა არ დარჩა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი შეცდომები ან უნებლიე გადაცდომები. ამასთან დაკავშირებით სავსებით აშკარა განცხადებები გააკეთეს, და არამარტო ბაჩო ახალაიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ წევრს აქვს გაკეთებული.
„ჩვენ არაერთი ადამიანისაგან მოვისმინეთ ასეთი განცხადება, თუნდაც გირჩი ჯაფარიძე ავიღოთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო. მან თქვა, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით შეცდომა არ ყოფილა ჩადენილი და ნურავინ მოელის ბოდიშს. ბაჩო ახალაია გირჩი ჯაფარიძისგან განსხვავდება იმით, რომ ის უშუალო მონაწილეობას იღებდა ძალადობის ორგანიზებაში, უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში, რაზეც სტრასბურგის სასამართლომაც მიგვითითა. აქედან გამომდინარე, ნურავის ექნება შეკითხვა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ მაგალითად ავიღებთ ბაჩო ახალაიას ამ აღიარებას, რომ სწორად მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ნურავის ექნება დამატებითი შეკითხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანა ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ბაჩო ახალაიას ვიდეოს და აზუსტებს, რომ ვიდეო დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი. ვიდეოში ახალაია აღნიშნავს: „სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში, მეამაყება, რომ „ნაცად“ აღვიქვამ თავს“.
