ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ რადიკალური განცხადებები არასდროს განხორციელებულა და არ თქმულა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს ევროკავშირისგან მიჯნავს.
„შესაბამისად, ჩვენი მხრიდან განცხადებები ყოველთვის კეთდება ურთიერთობის დაბალანსებაზე, დათბობაზე და ა.შ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან და არა მარტო ევროკავშირთან, პარტნიორ ქვეყნებთან დათბეს ურთიერთობები და ყოველთვის მზად ვართ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. თუმცა, სამწუხაროდ ამ განცხადებების პასუხად ვიღებთ ისეთ შეფარულ და დამალულ ქმედებებს, როგორსაც დღევანდელ დღეს ჰქონდა ადგილი. ისეთ ქმედებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ასევე გარკვეული პერიოდის წინ. დარწმუნებული ვარ, ასეთი შეხვედრები, მითითებები, დირექტივები ევროკავშირის თუ სხვადასხვა ევრობიუროკრატების მხრიდან, კიდევ იქნება მომავალში.
ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენი ურთიერთობა წავა უფრო პოზიტიური ცვლილებებისკენ, რა თქმა უნდა, დათბობისკენ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
