წარმოუდგენელია, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის საკუთარი ქვეყანა გააუქმოს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ტირდეამ.
მოლდოველი დეპუტატი ამბობს, რომ ეს მიდგომა წარმოუდგენელია.
“ეს წარმოუდგენელია. უცხოელი ჟურნალისტებიც მეკითხებით ბოგდან, ეს როგორ შეიძლება? პრეზიდენტი ხომ კონსტიტუციით სუვერენიტეტის გარანტია, ტერიტორიული მთლიანობის”, – განაცხადა ტირდეამ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ მაია სანდუს, განცხადება რუმინეთთან გაერთიანების შესაძლებლობაზე, მოქალაქეთა ყურადღების ეკონომიკური პრობლემებიდან გადატანას ემსახურება.
“ასევე უკრაინული შეიარაღების კონტრაბანდასთან დაკავშირებული სკანდალებისგან თავის დაღწევას, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის სკანდალის გადაფარვას”, – აცხადებს ბოგდან ტირდეა.
მოლდოველი დეპუტატი “იმედის კვირასთან” ინტერვიუში სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის საკითხსაც ეხმიანება.
“რუმინელები ფლობენ მოლდოვის ეკონომიკის ყველაზე ღირებულ ნაწილებს, მაგალითად სულ ახლახან მათ შეისყიდეს მოლდოვას ერთადერთი საერთაშორისო პორტი შავ ზღვაზე, ჯიურჯიულეშტის პორტი”, – აღნიშნავს ტირდეა.
მოლდოველი დეპუტატი მის ქვეყანაში არსებულ ვითარებას ენჯეოკრატიად უწოდებს.
„მოლდოვას გენერალური პროკურორის ძმა ერთდროულად სოროსის ფონდის უფროსიცაა და მაია სანდუს ერთ-ერთი მთავარი მრჩეველიც, იუსტიციის მინისტრიც სოროსის ფონდში მუშაობს. არ ვიცი, აქამდე როგორ მივედით, მთელი ხელისუფლება NGO სექტორია. საპარლამენტო უმრავლესობის ორი მესამედი NGO-შნიკია, ჩვენ გვაქვს NGO-კრატია მოლდოვაში“, – აცხადებს ბოგდან ტირდეა.
ამას გარდა, დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით მოლდოვას პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.
„იქამდე მივედით, რომ მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე აქციებს უჭერდა მხარს. მოლდოვაში პროტესტს აკრიტიკებ, მაგრამ საქართველოში აქეზებ? ეს როგორ? ეს შემთხვევით, უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა ხომ არ არის?“, – აღნიშნავს ტირდეა.
მოლდოველი კანონმდებელი არ მალავს, რომ მაია სანდუ მას მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმერ ზელენსკის ახსენებს.
„მაია სანდუ ძალიან მაგონებს მიხეილ სააკაშვილს და ზელენსკის. ისინი კემბრიჯის ხუთეულივით არიან, ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. მათ აქვთ კონკრეტული დავალება საზღვარგარეთიდან: ეკლესიის დაკნინება, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნა და ბოლოს ომი. ბოლოს ეს ომით სრულდება”, – აცხადებს მოლდოველი დეპუტატი.
