ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის, რომ ახლა ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის წინაშეა. ვისმენთ განცხადებებს, რომ არასწორი კუთხით ვითარდება და მთელი ის ფსევდოკულტურა, რომელიც ე.წ. ლიბერალიზმის სახით, რეალურად კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის, კონკრეტული იდეოლოგიის საზოგადოებაზე მოხვევის გზით ხორციელდება, სცდება იმ მთავარ საფუძველს, რაზეც ევროკავშირი დგას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საფუძველი მხოლოდ ქრისტიანული საწყისებია, რომლებიც პატივისცემაზე, ურთიერთთანამშრომლობასა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვაზე იდგა.
„სამწუხაროდ, ახლა ამ ყველაფრის ფეხქვეშ გათელვას ვხედავთ იმ არარჩეული ბიუროკრატების ხელით, რომელთა უკანაც დგანან გლობალური ძალები. როდესაც ამ ყველაფერს ამხელს პრეზიდენტი ტრამპი, სიტყვის შებრუნებასაც ვერავინ უბედევს არარჩეული ბიუროკრატიიდან თუ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებისგან.
ჩვენ ვისმენთ, თურმე ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს. ახლა გაბედონ, კეთილი ინებოს არარჩეულმა ბიუროკრატიამ და პრეზიდენტ ტრამპს, მის ადმინისტრაციას, აშშ-ს პასუხი მოსთხოვონ დემოკრატიულ უკუსვლაზე. არა, ამას ისინი ვერ გააკეთებენ, რადგან მათ ჰგონიათ, რომ მხოლოდ პატარა, ტერიტორიულად მცირე და შედარებით მცირე ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანაზეა ზეწოლა შესაძლებელი, ხოლო უფრო ძლიერს ვერაფერს უბედავენ. ზუსტად ეს არის რღვევა იმ სამართლებრივი წესრიგის, რომელზეც დაახლოებით 80 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო იდგა. ახლა ვხედავთ, რომ მიდგომები იცვლება და ვხედავთ არა სამართლის ძალას, არამედ, სამწუხაროდ, ძალის სამართალს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპა არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.
