მედიასაშუალებები თუ უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში იქნებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც დებატებში შემოვლენ.
„„ხალხის ძალის“ პოზიცია ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჯანსაღი დებატები უნდა არსებობდეს. 2023 წელს, როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დავაინიცირეთ, მაშინ ვითხოვდით დებატებს. ვითხოვდით „ნაცმოძრაობას“ და „ენჯეო“ სექტორს განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, მაგრამ სანაცვლოდ მაგიდის აყირავება, ლანძღვა და ფიზიკური დაპირისპირება მივიღეთ, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდა.
„ქართული ოცნება“ და ხელისუფლება თუ უზრუნველყოფს ისეთ ფორმატს, სადაც ჯანსაღი დებატები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. საზოგადოებაში ნამდვილად არის მოლოდინი, განსხვავებული აზრების პოზიციონირება იყოს. თუ საზოგადოებამ კვლავ იხილა ისეთი არაჯანსაღი დებატები, ამას უკვე თავისი რეაქცია მოჰყვება. იმედი გვაქვს, დღეს საქართველოში უკვე ისეთი ჯანსაღი ძალები იქნება, რომლებიც ჯანსაღ დებატებში შემოვლენ. თუ მედიასაშუალებები უზრუნველყოფენ, რომ არ იყოს ცემა-ტყეპა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებები, ეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიის ყველაზე ჯანსაღი შემადგენელი ნაწილია.
„ნაცმოძრაობის“ სიტყვებს შეგახსენებთ, რომ მათ შინაარსში შესვლა არ სურთ. მათ ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ მოწინააღმდეგე მხარესთან, თუნდაც „ხალხის ძალასთან“. მათთვის თავიდანვე მიუღებელია ნებისმიერი ისეთი რამ რასაც თავად არ აღიარებენ. თუ ასეთი განწყობით იქნება, ბუნებრივია, დებატები ვერ შედგება. საქართველომ რომ სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს, ის, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში შავი ფულის გამთეთრებელი ყოფილა, ამოვიღებ და მივიტან ტრამპის სიტყვას და ბრძანებას. მერე ამერიკის პრეზიდენტს ედავოს, ეს ერთი საკითხი დაიხურება.
ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებს, ამის მტკივებულებებს მივიტანთ და იქ დავდებთ. მერე ვიტყვით, რომ თავად ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, შიგნით არსებულ პრობლემებზე და ჩვენთან დაკავშირებით პრეტენზიები ვერავის ვერ ექნება. არჩევნებთან დაკავშირებით მივიტანთ მტკიცებულებებს და ვიტყვით, რომ არ გაყალბებულა. ის ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებას მოიტანს? ვერ მოიტანს და ეს საკითხიც დამთავრებული იქნება. თუ დებატები ჯანსაღად წავა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში 10:0 დამარცხებული გამოვა „ნაცმოძრობა“ და მისი წარმომადგენლები. დაველოდოთ ფორმატს, დარწმუნებული ვარ ჯანსაღი ფორმატი იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
