ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.
„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე – 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.
კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.






















