სამსჯელო და საფიქრალი, შესაძლოა, ბევრი არ ჰქონდეს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან სარჩელის დაუსაბუთებლობა ცალსახაა, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საიას სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, პროცესზე ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას წარადგენენ.
„კითხვები, რომელიც ამ სარჩელთან დაკავშირებით იყო დასმული მოსარჩელისთვის, ცხადყოფს, რომ სამსჯელო და საფიქრალი შესაძლოა, ბევრი არ ჰქონდეს სტრასბურგის სასამართლოს, რადგან სარჩელის დაუსაბუთებლობა ცალსახაა. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩატარებული მაღალი ხარისხის, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ იმისთვის, რომ ის აბსურდული სარჩელი, ისევე, როგორც სხვა ბევრი სარჩელი რადიკალებისგან და მათთან აფილირებული ე.წ. ენჯეოებისგან არ დაკმაყოფილდა, სწორედ იგივე შედეგით დასრულდეს ამ სარჩელის განხილვა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.
