რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები – მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. არც კი განიხილა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არჩევნების შედეგების შეჩერებას უკავშირდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საია-მ მოთხოვნა სტრასბურგს 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინა. ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, სტრასბურგს კი არც არსებითი განხილვა დაუწყია, რადგან მოთხოვნების ნაწილის დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილიც არ არის.
“საია არაერთხელ იქნა მხილებული გარე პატრონების მიერ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმართულ მოძრაობაში. ის მონაწილეობდა და არაერთი რევოლუციური სცენარის სამზადისში იყო ჩართული, თავიანთი განცხადებებით, მოწოდებით და მიღებული დაფინანსებებით, რომელიც მოდიოდა ასე გაუმჭვირვალედ და იხარჯებოდა ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ახლაც, მორიგი ტყუილი ძალიან მალე გამოუაშკარავდათ – პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო, როდესაც რაღაც არარსებულ ბრალდებაზე შეიტანეს სარჩელი სტრასბურგში, სტრასბურგმა მათ უარი უთხრა და ეს დაუმალეს საზოგადოებას, რადგან მორიგ ჯერზე ჩაფლავდნენ,” – აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი.
