გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
პრემიერის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ განცხადება შეიძლება უკვე გახდა საფუძველი, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე დაიკლო, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი.
„ეს პრობლემა არ არის ახალი, მინდა, ამასაც გავუსვა ხაზი. 2006 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში და მახსოვს, როდესაც დავბრუნდი საქართველოში, იგივე პროდუქტებს საქართველოში აღარ ვყიდულობდი, რასაც მანამდე – გერმანიაში. აქაც, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ორმაგი იყო ფასები ზუსტად იდენტურ პროდუქტებზე. დიდი ხანია, წლებია, რაც ქვეყანას მოჰყვება ეს პრობლემა, ფასები არის უფრო მაღალი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ესეც აჩვენებს, რომ საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
