საქართველო მარტო არ არის, შესაძლოა საქართველოს მაგალითი მკაფიოა, მაგრამ ის არ არის გამონაკლისი. იგივე ქმედებებს ვხედავთ უკრაინაში, მოლდოვაში, სერბეთის შემთხვევაშიც, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა ჯონ ლაფლენდმა ევროკავშირის მიერ მის ფარგლებს გარეთ არსებული სახელმწიფოების შევიწროების საშიშროებაზე საუბრისას.
ლაფლენდის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი კრიტერიუმია საგარეო პოლიტიკური თანხვედრა ბრიუსელთან.
„ევროკავშირი სერბეთისგან, საქართველოსგან, მოლდოვასგან და მსგავსი სახელმწიფოებისგან მისი, ამ შემთხვევაში კი ანტირუსული თვალსაზრისის გაზიარებას მოითხოვს. ჩემი აზრით, საქართველო ამ თვალსაზრისით საკმაოდ მკაფიო მაგალითია. ევროპულ საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის ულტიმატუმის ფონზე, საქართველოს, და თქვენ შემისწორეთ თუ ვცდები, ბოლო ათწლეულებში, სალომე ზურაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და თუნდაც, ედუარდ შევარდნაძის სახით უცხოეთიდან დასმული გუბერნატორები მართავდნენ. ისინი არა საქართველოს, არამედ ვაშინგტონისა და ნატოს ერთგულნი იყვნენ.
ბალტიისპირეთში, ესტონეთის პრეზიდენტი 10 წლის განმავლობაში გახლდათ შვედეთში დაბადებული და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაზრდილი პირი, ლიეტუვის ლიდერი კი კანადელი იყო – ლიეტუვაში დაბადებული, მაგრამ კანადაში გაზრდილი პირი. ეს ადამიანები, როგორც დესანტი, გადასხეს. ისინი იყვნენ უცხოეთის აგენტები. საქართველო ძალიან მკაფიო მაგალითია ამ თვალსაზრისით.
თქვენ მკითხეთ, თუ რა განაპირობებს ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოში. ევროკავშირი არის ნატოს პოლიტიკური მკლავი, კოლექტიური დასავლეთის მკლავი. აღმოსავლეთ პარტნიორობა კი არის ევროკავშირის პროექტი 2008 წლიდან, რომელიც მიზნად ისახავდა, ბრიუსელის გადმოსახედიდან, რუსული ორბიტიდან სახელმწიფოების გადმობირებას ევროკავშირის, გნებავთ კოლექტიური დასავლეთის ორბიტაში. სწორედ ეს არის ევროკავშირის ფუნქცია. უკრაინის კრიზისი 2013 წელის დაიწყო ასოცირების შეთანხმების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმა კარგად იცის იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს სურდა საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთის წინააღმდეგ კოლექტიური დასავლეთის ომში. ეს არის როლი, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს, სამწუხაროდ“, – აღნიშნა ჯონ ლაფლენდმა.
